
დისლექსია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში
სწავლის უნარის დაქვეითება ნეიროგანვითარების სირთულეა, რომელიც კითხვის, ზეპირი მეტყველების, წერის, მათემატიკური აზროვნების დარღვევით ხასიათდება. ამ დროს ბავშვს უჭირს სიტყვების წაკითხვა, წარმოთქმა, წინადადებიდან აზრის გამოტანა, ვერ ახერხებს გრამატიკულად გამართულად წერას, უჭირს რიცხვებთან დაკავშირებული მათემატიკური ამოცანების შესრულება. ხშირად დაქვეითებულია ინფორმაციის ვერბალური გადამუშავებაც.
სწავლის უნარის დაქვეითება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორში (ICD-10) სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური აშლილობების სახელით არის მოხსენიებული. აღნიშნულ მდგომარეობას 3 ძირითადი ქვეტიპი გააჩნია:
• დისლექსია - კითხვის სპეციფიკური აშლილობა
• დისგრაფია - მართლწერის სპეციფიკური დარღვევები
• დისკალკულია - არითმეტიკული ოსტატობის წარმოების (თვლის) სპეციფიკური აშლილობა.
დისლექსიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეცნიერები კლინიკური შემთხვევების ანალიზის შედეგად რამდენიმე თეორიაზე ჯერდებიან:
1. გენეტიკა - სტატისტიკა აჩვენებს, რომ დისლექსიას ღრმა გენეტიკური ფესვები უნდა ჰქონდეს. აღნიშნულ საკითხზე მკვლევრები უკვე 20 წელზე მეტია მუშაობენ. არის მოლოდინი, რომ ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევად, მომავალ 10 წელში უფრო მკაფიო წარმოდგენა შეგვექმნება დისლექსიის გენეტიკურ საფუძვლებზე. ამჟამინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვს, რომლის ერთ მშობელს მაინც აქვს დისლექსია, 30%-50% შემთხვევაში თვითონაც დისლექსიის დიაგნოზი დაესმება ხოლმე.
2. განსხვავებები თავის ტვინის განვითარებისა და ფუნქციონირებაში - აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ დისლექსიის დიაგნოზის მქონე ადამიანის თავის ტვინი მოსალოდნელისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს. აქვე საყურადღებოა, რომ გამომწვევი თავის ტვინის ორგანული დაზიანება არ არის - ნერვულ ქსოვილში ანატომიურ ცვლილებებს ვერ ვხედავთ.
3. თავის ტვინის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების დარღვევა - ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში დედის ინფიცირება სხვადასხვა გამომწვევით (ბაქტერიული ან ვირუსული ინფიცირება), მისი ექსპოზიცია ტოქსიკურ ნივთიერებებთან ან სხვა სახის გარე ფაქტორებთან, რაც გავლენას ახდენს ნაყოფის თავის ტვინის განვითარების პროცესზე.
დისლექსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროგანვითარების დარღვევაა და არსებობს ვარაუდი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის საშუალოდ, 20% აღნიშნული დიაგნოზის მატარებელი შეიძლება იყოს. ამ ვარაუდს ის მოცემულობა ამყარებს, რომ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დიაგნოზი ექიმთა ყურადღების მიღმა რჩება და მისი დროული დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: დისლექსია დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ უტოლდება, როგორც ეს შეცდომით ბევრს ჰგონია! აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანთა უმეტესობას საშუალო და საშუალოზე მაღალი IQ აქვს.
დისლექსიის ნიშნების გამოვლენა დაახლოებით, 4 წლის ასაკიდან იწყება, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა მშობელთა ყურადღების მიღმა დარჩეს. დასწავლის დარღვევები უფრო მკაფიო და შესამჩნევი ადრეულ სასკოლო ასაკში ხდება, როდესაც ბავშვები სისტემატური სახით იწყებენ წერა-კითხვის სწავლას.
• კითხვის სირთულეები
დისლექსიის ადრეული ნიშანი შეიძლება შესამჩნევად ნელა კითხვა იყოს. ასეთ დროს ბავშვი წასაკითხად მიცემული დავალების შესრულებას საგრძნობლად დიდ დროს ანდომებს. მშობლებმა შეიძლება შეამჩნიონ ის ფაქტი, რომ ამ პროცესში პატარა ძალიან ღიზიანდება, უჩვეულოდ იღლება და ყველანაირად ცდილობს დავალების შესრულებას თავი აარიდოს. ხმამაღლა კითხვის პროცესში ბავშვმა შეიძლება გამოტოვოს დიდი, რთული სიტყვები, დამახინჯებულად წარმოთქვას ზოგიერთი სიტყვა, სიტყვებში გადაანაცვლოს ასოები (თქვას “ზმე” და არა მზე), ან მარცვლები (თქვას “ხოთი” და არა თოხი). ზოგჯერ ისე ხდება, რომ დისლექსიის მქონე ბავშვებს ძალიან უჭირთ სიტყვების დამარცვლა, პირველი და ბოლო მარცვლების ერთმანეთისგან გარჩევა. გრძელი სიტყვების დამარცვლისას შეიძლება ვერ გაიხსენონ, რა იყო სიტყვის პირველი მარცვალი. მშობლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ შვილი რაღაც სიტყვებს ყოველთვის დამახინჯებულად გამოთქვამს, მიუხედავად მათი მრავალგზის კორექციისა (მაგ. “რულჯი”, ნაცვლად ლურჯისა). საყურადღებო შეიძლება იყოს ის გარემოებაც, რომ ბავშვი ვერ ახერხებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას, უჭირს წაკითხული ტექსტის მოყოლით გადმოცემა, ან აღნიშნულ პროცესში უჭირს წინადადების გრამატიკულად გამართვა.
• დისგრაფია - მართლწერის სირთულეები
მართლწერის სირთულეები განსაკუთრებით თვალშისაცემია ხოლმე. ასეთ დროს ბავშვს უჭირს რვეულში გამოყოფილ ხაზებზე ასოების სწორად განლაგება. შესაძლოა უძნელდებოდეს ასოების სივრცობრივი განლაგება (მაგ. “ბ” და “ე” დაწეროს ერთ სიმაღლეზე). განსაკუთრებით სახასიათოა სარკისებური ასოების (“ძ” და “ხ”; “შ” და “წ”) ერთმანეთში არევა. ნაწერის შეფასებისას შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ტექსტში ძალიან ბევრი შეცდომაა, სიტყვები მრავალგზის არის გადაჯღაბნილი და ასოები შესამჩნევად, უხეშად გადასწორებული. შეიძლება ასევე თვალში მოგვხდეს, რომ ტექსტში ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვანაირად იყოს დაწერილი. დამახასიათებელია ასევე სიტყვების ანაგრამისებრი შეცვლა (მაგ. “თივა” დაწერილია როგორც “თავი”, “ტახი” როგორც “ხატი”). საგულისხმოა, რომ ნაწერის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი - დისგრაფიის მქონე პატარების ნაწერი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაწესებულ ასაკობრივ კრიტერიუმებს (მაგ. ბავშვი უკვე მესამე კლასშია, მაგრამ მისი ნაწერი პირველკლასელისას მოგაგონებთ)
• დისკალკულია - რიცხვებთან დაკავშირებული სირთულეები
დისკალკულიის მქონე ბავშვებს რიცხვებთან მიმართებთ სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. როგორც წესი, მასწავლებლები ადვილად ამჩნევენ, რომ მოსწავლეს უჭირს მარტივი არითმეტიკული დავალებების შესრულება (თითებით დათვლა), ვერ ასხვავებს ნივთების რაოდენობას ერთი შეხედვით, სანამ მათ არ გადაითვლის. მოსწავლეს ასევე უძნელდება ამოცანის შესრულება, როდესაც შესაკრებთა ადგილები გადანაცვლდება (მაგ. უჭირს გაიგოს, რომ 4+1=5 იგივეა, რაც 1+4=5), ერთმანეთში ერევა მეტობის (>) და ნაკლებობის (<) აღმნიშვნელი სიმბოლოები, ურთულდება არითმეტიკული ამოცანების ზეპირად შესრულება.
მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ადვილად შესამჩნევი ხდება, რომ დისკალკულიის მქონე ბავშვებს ხშირად საათის ცნობა უჭირთ. როგორც წესი, საათის ცნობა მეორე კლასში ისწავლება, მაგრამ დისკალკულიის შემთხვევაში ეს პროცესი განსაკუთრებით გაძნელებულია. აღნიშნული შეიძლება ვრცელდებოდეს როგორც ციფერბლატიან, ასევე ელექტრონულ საათებზეც. ასევე, არცთუ ისე იშვიათად, ყურადღებას იპყრობს თვეების, კვირის დღეების, წელიწადის დროების ერთმანეთში არევა (მაგ. უჭირს თვეების, ან კვირის დღეების თანმიმდევრობით დალაგება, უძნელდება კონკრეტული თვეების წელიწადის დროებთან დაკავშირება). ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ დისკალკულიის მქონე ბავშვმა ზუსტად ვერ თქვას, თუ როდის არის მისი დაბადების დღე. სირთულეებია ასევე “გუშინ”, “დღეს”, “ხვალ” კონსტრუქციების გარჩევაშიც - ბავშვს უძნელდება მომხდარი მოვლენა გადმოსცეს შესაბამის დროში.
• უნარ-ჩვევებისა და ქცევის სირთულეები
სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გარდა, შესაძლოა შესამჩნევი იყოს სხვადასხვა უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული საყურადღებო შეფერხებებიც. ზოგჯერ შესამჩნევია შენელებული მოტორიკა, ბავშვს საწერი კალამი ან ფანქარი უცნაურად უჭირავს. ასევე ხშირია, როდესაც უჭირთ ერთმანეთისგან განასხვავონ სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრები. მშობლებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო არის შვილის გაფანტულობა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
დისლექსიის მქონე ბავშვები ხშირად ცდილობენ თავიდან აირიდონ გაკვეთილების მომზადება, არ დაწერონ საშინაო დავალება. აღნიშნულის მიზეზი მარტივია - მათთვის ეს ფიზიკურად და ემოციურად გამომფიტავი პროცესია. ამ დროს მათ შეიძლება მოიმიზეზონ ყველაფერი, თქვან, რომ ძალიან დაიღალნენ და ეძინებათ, სცადონ მეცადინეობის გადავადება დილისთვის. ხშირად ისეც ხდება, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები სასწავლო პროცესში ნაკლებად ერთვებიან, რადგანაც უჭირთ კონცენტრირება. თანატოლებთან შედარებით, წერასა და კითხვაში თვალშისაცემი ჩამორჩენის გამო, დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება, რის კომპენსაციასაც ზოგჯერ სასწავლო პროცესის ჩაშლით ცდილობენ. მარტივად რომ ვთქვათ: ურჩევნიათ ჭირვეულის იარლიყი ჰქონდეთ, ვიდრე “ჩამორჩენილის”. ზუსტად ეს აღმოჩნდება ხოლმე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მასწავლებლები მშობლებს შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციას ურჩევენ.
________________________________________
მიუხედავად იმისა, რომ დისლექსიის პირველადი ნიშნების ამოცნობა ერთი შეხედვით მარტივი უნდა იყოს, შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი უმეტეს შემთხვევაში გვიანდება. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ხშირად დიაგნოზის სპეციფიკაში გაურკვეველი მშობლები, ან პედაგოგები სწავლასთან და ყოფაქცევასთან დაკავშირებულ სირთულეებს ბავშვის ქცევით თავისებურებებს მიაწერენ ხოლმე. სინამდვილეში, დისლექსიის მქონე პატარა შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს არც ზარმაცი და არც ჭირვეული - უბრალოდ, სწავლისა და მეცადინეობის პროცესი მისთვის ფიზიკურ და ემოციურ გადაღლასთან ასოცირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგმაც და მშობელმაც იმუშაონ შეთანხმებულად, ეცადონ, ჩაუღრმავდნენ სწავლის უნარის დარღვევის მიზეზებს და დროულად მიმართონ შესაბამის სპეციალისტს.
დისლექსიის დიაგნოზს ბავშვთა ფსიქიატრები სვამენ. ამისათვის ისინი სპეციალურ კითხვარებს, ტესტებსა და გამოკვლევებს იყენებენ. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება ხელს უწყობს ამ მდგომარეობის ჯეროვან მართვას, რის შედეგადაც კითხვისა და წერის უნარები უმეტეს შემთხვევებში ასაკისთვის შესაბამისი ხდება. აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ზრდას და ასწორებს ყოფაქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კარავი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებულია

3 ნოემბერს, კარავში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

ურთიერთთანამშრომლობისა და ახალი პროექტების შესახებ