
რა უნდა იცოდეთ ADHD-ს შესახებ - პრაქტიკული რჩევები მშობლებს
ADHD - აქტიურობისა და ყურადღების დარღვევები ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნეიროგანვითარებით დარღვევას წარმოადგენს. მას ხშირად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სახელითაც მოიხსენიებენ. აღნიშნული მდგომარეობისთვის დამახასიათებელია განგრძობადი ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა/იმპულსურობა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.
ADHD-ის დროს ყურადღების დეფიციტი კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს და იგი ქცევაში შემდეგნაირად გამოვლინდება: ადამიანს უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ვერ ინარჩუნებს ყურადღების ფოკუსს, არ შეუძლია ინსტრუქციების დაცვა. ჰიპერაქტიურობა სოციალური კონტექსტისგან დამოუკიდებელ მოტორული აქტივობას გულისხმობს: ბავშვი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, გამუდმებით წრიალებს, უადგილოდ ბევრს საუბრობს. ADHD უფროსებშიც სიმპტომების მსგავსი კრებულით გამოვლინდება: შფოთვა, მუდმივი ფიზიკური მოუსვენრობა და საკუთარი ჰიპერაქტივობით გარშემომყოფების გადაქანცვა. იმპულსურობა ADHD სიმპტომებში განსაკუთრებით საყურადღებო და თვალშისაცემია ხოლმე - ბავშვი ხშირად აწყვეტინებს საუბარს თანამოსაუბრეს, შეიძლება გაუფრთხილებლად გადაირბინოს გზაზე, უკიდურესად გაღიზიანდეს, თუ სურვილს მაშინვე არ აუსრულებენ და ა.შ.
ADHD ნიშნები, როგორც წესი, ადრეულ ასაკშივე გამოვლინდება. ბაგა-ბაღის პერიოდში აღმზრდელები ჰიპერაქტიურობას ხშირად ნორმალურ ქცევად აღიქვამენ, მაგრამ ყურადღების დეფიციტი თვალშისაცემი დაწყებით კლასებში ხდება - ბავშვს უჭირს გაკვეთილის პროცესში მონაწილეობის მიღება, ვერ ემორჩილება მასწავლებლის მითითებებს, უძნელდება სასწავლო პროცესზე კონცენტრირება და ა.შ.
როგორც წესი, ADHD დიაგნოსტირება სწორედ სკოლის ასაკში ხდება და შესაბამისად, მშობლებიც პირველად აწყდებიან დიაგნოზის თანმდევ ყოფით სირთულეებს.
ADHD-ის მკურნალობა როგორც მედიკამენტურ, ასევე აქტიურ ქცევით თერაპიასაც მოიაზრებს. პროფესიონალური დახმარების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი შესაბამის მხარდაჭერას მშობლისგანაც გრძნობდეს.
• ყურადღება დაუთმეთ სწორ კომუნიკაციას
ისე მოექეცით ბავშვს სახლში, როგორც ამას გარეთ, სხვების დასანახად გააკეთებდით. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: მისი ქცევის სირთულეების მიზეზი ხასიათობრივი არ არის და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინც მას ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს, სწორედ თქვენ ხართ. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ მაგალითის მიმცემი იყოთ: ესაუბრეთ მშვიდად, ნაზი ხმით და ეცადეთ, რომ თავი თქვენს თანასწორად აგრძნობინოთ - ნუ გექნებათ კატეგორიული და მბრძანებლური ტონი. მეტი ყურადღება დაუთმეთ პოზიტიური კონტექსტიდან საუბარს - უთხარით როგორ მოიქცეს, ნაცვლად იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს. რაიმე სახის დავალების მიცემისას გამოიყენეთ მკაფიო, მარტივად აღსაქმელი, ლაკონიური წინადადებები და სთხოვეთ, რომ ხმამაღლა გაგიმეოროთ თქვენივე ნათქვამი - ზოგჯერ უბრალოდ მოსმენა ავტომატურად დამახსოვრებასაც არ ნიშნავს. მოთმინება იქონიეთ და არ აუწიოთ ხმას, რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ზოგიერთ სიტუაციაში - ADHD-ის მენეჯმენტი ხომ ხანგრძლივი და რთული პროცესია.
• წინასწარ გაწერეთ დღის გეგმა
ADHD-ის დროს ყოველდღიური, ერთი შეხედვით უბრალო საქმიანობაც კი ბავშვისთვის სირთულეებთან ასოცირდება. მიაჩვიეთ იგი ორგანიზებულობას იმით, რომ მიჰყვეს წინასწარ გაწერილ დღის გეგმას: რომელ საათზე უნდა ადგეს, საუზმე რა დროს უნდა მიიღოს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, გაკვეთილების მომზადებას როდის უნდა შეუდგეს და ა.შ. გახსოვდეთ, რომ დღის გეგმაში არ იყოთ კატეგორიული - ნუ ეცდებით ბავშვი რობოტულ მოქმედებებს დაუქვემდებაროთ. რეალისტურად გაწერეთ თქვენივე მოლოდინები და დაგეგმვაშიც შესაბამისად იხელმძღვანელეთ. თუ ყოველდღიურ რუტინაში რაიმე იცვლება, ბავშვი საქმის კურსში წინასწარვე ჩააყენეთ. აუხსენით მას გასაგებად, თუ რა მნიშვნელობა აქვს რუტინულ ქცევას ყოველდღიურობაში და ეცადეთ, რომ იგი აღნიშნული დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ წაახალისოთ.
• დრო დაუთმეთ სასკოლო მუშაობას
რადგანაც დისორგანიზება ADHD-ის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია, უმჯობესი იქნება, თუ თავდაპირველად მას ერთად შეებრძოლებით. წინა ღამით გაამზადეთ ბავშვის სკოლის ტანსაცმელი, დარწმუნდით, რომ მისი სახელმძღვანელოები უკვე ჩანთაშია ჩალაგებული. ამგვარად თავიდან აიცილებთ დილის საათების დაძაბულობას, როდესაც სახლიდან გასვლას ყველა ჩქარობს და ბავშვსაც ნაჩქარევად უწევს სკოლისთვის მომზადება. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნამდვილად იცის, მეორე დღისთვის რა აქვს დავალებული. დაეხმარეთ სამეცადინო პროცესის ორგანიზებაში და დარწმუნდით, რომ აკადემიურ გამოწვევებს ჯეროვნად პასუხობს.
• მიაჩვიეთ გადაწყვეტილებების მიღებას
სრულიად გასაგებია, რომ საწყის ეტაპზე იმის განცდა გექნებათ, თითქოს ყველა გადაწყვეტილებას ბავშვის ნაცვლად თქვენ იღებთ. გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ შვილსაც შეეძლოს სათავისოდ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება - იგი დამოუკიდებლად ცხოვრებას ამგვარად უნდა მიეჩვიოს. თუმცა, adhd-ს დროს შესაძლო გადაწყვეტილებების სიმრავლემ შეიძლება პატარა დააბნიოს. როცა შესაძლებელია, ეცადეთ, რომ არჩევანი ორ ვარიანტამდე დაიყვანოთ - ამგვარად იგი უფრო ნაკლებად დაიბნევა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც უმტკივნეულოდ მიეჩვევა.
• ხელი შეუწყვეთ თვითგამოხატვაში
ზოგჯერ ADHD დიაგნოზის მქონე ბავშვებს ჰგონიათ, რომ უნიჭოები არიან და კარგად არაფერი გამოსდით. ამ ყოველივეს ხანდახან ხელს ისიც უწყობს, რომ მათ მშობლების მხრიდან მუდმივად შენიშვნები და კრიტიკა ესმით. დაეხმარეთ ბავშვს, რომ გამოკვეთოს თავისი ძლიერი მხარეები და ხელი შეუწყვეთ მის განვითარებაში. წაახალისეთ მისი ინტერესები და აგრძნობინეთ, რომ მიუხედავად ყოველდღიური სირთულეებისა, კომპენსაცია სხვა რამითაც შეუძლიათ.
• აქტიურად მოიძიეთ პროფესიონალური დახმარება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უპირველესად თქვენვე იყოთ გარკვეული შვილის დიაგნოზის რაობაში. მოიძიეთ მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. კრიტიკულად მიუდექით ADHD-ის შესახებ გავრცელებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, რომლებიც შეიძლება სიმართლეს არც კი შეესაბამებოდეს. დროულად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს და მიიღეთ პროფესიონალური დახმარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყოთ სკოლის მასწავლებლებთან და თავიდანვე აუხსნათ მათ, თუ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ თქვენ შვილთან მუშაობის პროცესში.
ADHD დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობლობა დიდი გამოწვევაა, თუმცა იგი მართვადი მდგომარეობაა. როგორც კლინიკური კვლევებიდან ვიგებთ, დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას და ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას, რაც ბავშვს გარემოსთან ადაპტაციას საგრძნობლად უადვილებს.

რა არის დისლექსია, როდის შეიძლება გამოვლინდეს და რა იწვევს აღნიშნულ მდგომარეობას

კარავი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებულია

3 ნოემბერს, კარავში ჩატარებული შეხვედრის შესახებ