დაჯავშნე ვიზიტი
    04 ივლისი 2024

    ADHD და გარდატეხის ასაკი

    გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რასაც ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი გადის. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ტრანსფორმაციას ყველა ინდივიდუალურად უმკლავდება - ზოგი მარტივად, ზოგიც უფრო ძნელად. ADHD-ის დიაგნოზის მქონე მოზარდები და მათი ოჯახის წევრები ასეთ დროს მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ADHD-ის სიმპტომებიც, რაც ყველა მშობლისთვის საყურადღებო უნდა იყოს.

    გარდატეხის ასაკი ADHD-ის დიაგნოზის მქონე ბიჭებში

    გარდატეხის ასაკი ბიჭებში, როგორც წესი, 11-12 წლის ასაკში იწყება. აღნიშნულ ფიზიოლოგიურ პროცესს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის ცვლილება მოსდევს, რაც თვალშისაცემ გავლენას ახდენს მოზარდის, როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ განვითარებაზე. ამ ცვლილებებთან შეგუება ბიჭებს ხშირად უჭირთ, რის ფონზეც შეიძლება დაქვეითდეს თვითშეფასება და მათ სოციალური იზოლაციისკენ უბიძგოს. ეს პროცესი გაცილებით მწვავე იმ შემთხვევაში იქნება, თუ  ADHD-ის აქამდე გამოვლენილი სიმპტომები ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების დეფიციტსაც მოიცავდა. მარტივად რომ ვთქვათ: ADHD-ის დიაგნოზის მქონე მოზარდი ბიჭები სოციალური იზოლაციის მიმართ უფრო მოწყვლადები ხდებიან - ხდებიან უფრო გულჩათხრობილები, თავს იკავებენ თანატოლებთან აქტიური კომუნიკაციისგან, შეიძლება მშობელთან საუბრისას აღნიშნონ, რომ თავს მარტოსულად გრძნობენ. თვითგამორკვევის რთულ პროცესში, ასევე ხშირია მავნე ნივთიერებათა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევებიც. აღნიშნულის ყველაზე თვალშისაცემი სიმპტომი მშობლისთვის შეიძლება შვილის აკადემიური მოსწრების გაუარესება იყოს.

    მოზარდ ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ძვრების ფონზე ბიჭები ემოციურად უფრო არასტაბილურები ხდებიან. ისინი გაცილებით ადვილად ღიზიანდებიან და მათმა სიფიცხემ შეიძლება გააუარესოს ყოფა-ქცევა სკოლასა თუ სახლში, წარმოქმნას სირთულეები მეგობრებთან ურთიერთობაში და ა.შ.

    გარდატეხის ასაკი ADHD-ის დიაგნოზის მქონე გოგონებში

    გოგონების გარდატეხის ასაკი 9-11 წლის ასაკიდან იწყება, ხოლო მენსტრუალური ციკლი 11-14 წლის ასაკში ყალიბდება. ბიჭების მსგავსად, ზრდასრულობამდე გოგონებმაც ტრანსფორმაციის რთული გზა უნდა გაიარონ. ემოციური ფონი ასეთ დროს უმეტესად ძალიან არაპროგნოზირებადი და დრამატულად ცვალებადია. როგორც ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, თუ ბიჭები ემოციურ გამღიზიანებლებს აგრესიული გამოხტომებით პასუხობენ, გოგონები პრობლემების ინტერნალიზირებას ახდენენ - უარყოფით ემოციებს სრულად საკუთარი თავისკენ მიმართავენ. ამის გამო, მათი ჩუმი შინაგანი ტანჯვა შეიძლება მშობლებისა და მეგობრების ყურადღების მიღმა დარჩეს.

    ADHD დიაგნოზის მქონე გოგონებში ასევე ხშირია ძილის რეჟიმის მოშლა, კონცენტრაციის დაქვეითება და ადვილად გაღიზიანებადობა. ამ ყოველივეს თან სდევს მძლავრი ემოციური გადატვირთვაც - გოგონას ჰგონია, რომ ამხელა წნეხს უბრალოდ ვერ გაუძლებს. აღნიშნული სირთულეები შეიძლება საკუთარი თავის შესახებ მცდარ წარმოდგენებად ტრანსფორმირდეს (მაგ: თვლის, რომ უნიჭოა, არაფერი გამოსდის, გარდატეხის ასაკობრივი ცვლილებების გამო თავს უშნოდ მიიჩნევს) რის ფონზეც მალევე დაბალი თვითშეფასება ჩამოყალიბდება. ამას ის გარემოებაც ართულებს, რომ ADHD-ის მქონე გოგონებში პრემენსტრუალური სიმპტომები შეიძლება უფრო მწვავედ ვლინდებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ: ზრდასრულობაში გადასვლა მოზარდი გოგონას ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა.

    ADHD-ის სიმპტომები გარდატეხის ასაკში

    გარდატეხის ასაკი გავლენას ახდენს ADHD-ს სიმპტომების გამოვლენაზეც. როგორც წესი, ჰიპერაქტიურობა იკლებს, მაგრამ ყურადღების დეფიციტი ნარჩუნდება. აღნიშნული დიდი გამოწვევაა აკადემიური მოსწრების კონტექსტში - მოზარდს უჭირს გაკვეთილზე ყურადღების მოკრეფა, ჯეროვნად ვერ ასრულებს საშინაო დავალებებს, რაც უარყოფითად აისახება მის ნიშნებზე, რაც შემდეგ შეიძლება სკოლაში ცუდ ყოფა-ქცევაში კონვერტირდეს და ა.შ. კონცენტრაციის დაქვეითება და ახალი სასწავლო მასალის ათვისების სირთულეები მოზარდში შფოთვას, ბრაზს, ან უბრალოდ მოწყენილობას იწვევს. ამ ყოველივეს ასევე ამწვავებს ის გარემოებაც, რომ გარდატეხის ასაკი სკოლის დამამთავრებელ კლასებს ემთხვევა, რასაც შემდეგ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებიც მოსდევს. ეს ყოველივე მოზარდისათვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამ ემოციებთან გამკლავება მისთვის ძალზე რთულია.

    სოციალური პასუხისმგებლობის ზრდის პარალელურად, გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანი თვითგამორკვევის პროცესიც იწყება. საგრძნობლად იცვლება თანატოლებთან სოციალური კომუნიკაციის ფორმები და საერთო ინტერესები, რასთან ადაპტაციაც საკმაოდ რთულია. ამგვარი ემოციური წნეხის ფონზე მოზარდებში ხშირია იმპულსური ქცევები, მავნე ნივთიერებებისა და ალკოჰოლის ავად მოხმარების შემთხვევები, რის მიმართაც ADHD-ის დიაგნოზის მქონე ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან. მთელ ამ პროცესს თან ახლავს ძილის ჩვეული რეჟიმის დარღვევაც, რაც მოზარდის ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესორია.

    როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იმთავითვე სწორად გაიაზრონ შვილის წინაშე არსებული გამოწვევები. გარდატეხის ასაკი ზრდასრულობისკენ მიმავალი გზის საკვანძო გზაჯვარედინია და აქ ყველა მოზარდს საიმედო გამყოლი სჭირდება. აღნიშნულის მისაღწევად კი სწორი კომუნიკაცია გარდამტეხ როლს თამაშობს. მოზარდს დაწვრილებით უნდა ავუხსნათ, თუ რა პოტენციური საფრთხეებია მის წინაშე და ვასწავლოთ, როგორ შეუძლია მათან გამკლავება. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდამ იცოდეს, როგორ ებრძოლოს გამოცდების თანმდევ ემოციურ წნეხს, როგორ მიიღოს ასაკობრივი გამოწვევები, როგორ აარიდოს თავი იმპულსურ ქმედებებს, როგორ შეინარჩუნოს ძველი მეგობრები და შეიძინოს ახლები. რაც ყველაზე მთავარია: ამგვარი ტიპის საგანმანათლებლო მუშაობა სრულიად დაცლილი უნდა იყოს განსჯისაგან - გარდატეხის ასაკში შეცდომები ყველას მოსდის და მოზარდს მათი მშობლებთან აღიარების არ უნდა ეშინოდეს.

    ჯანსაღი ცხოვრების წესი აქაც უმთავრესია. ADHD-ს მქონე მოზარდი ხშირად დისორგანიზებულია. ამიტომაც, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შვილის სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და აკადემიურ მოსწრებას. მთელ ამ პროცესში შვილის აქტიური ჩართულობა მშობელმა მაქსიმალურად უნდა წაახალისოს - მოზარდს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მშობლები ცხოვრებას უგეგმავენ და მის აზრს არავინ ითვალისწინებს. მიეცით საშუალება გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს, რაღაც პასუხისმგებლობები თავად აიღოს საკუთარ თავზე და ამგვარად შეემზადოს ზრდასრული ცხოვრებისათვის.

    გარდატეხის ასაკში მოზარდთა ძილის ჩვეული რეჟიმი ხშირად ირღვევა. ახალგაზრდებს ჩვეულ დროზე უფრო გვიან ეძინებათ და წინა წლებთან შედარებით დილით გაღვიძება საგრძნობლად უჭირთ. ეს ორგანიზმში მიმდინარე რთული ფიზიოლოგიური პროცესების შედეგია. კარგად აუხსენით შვილს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის ძილის ჰიგიენა. ეცადეთ, დაეხმაროთ მას ჯანსაღი რუტინის გამომუშავებაში. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის სპეციალისტსაც.

    მოწყენილობა მოზარდობის ასაკის ხშირი თანმდევია. მოტივაციის დაქვეითება ხშირად დემორალიზაციას იწვევს, რაც ცუდად აისახება როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაზეც - აღნიშნული მსუყე ნიადაგს ქმნის კონფლიქტებისათვის. მიეცით საშუალება მოზარდს შეებრძოლოს მოწყენილობას იმ ფორმით, რაც მის თვითშეფასებას გაზრდის: წაახალისეთ სპორტული აქტივობა, დაეხმარეთ ახალი ჰობის მოძიებაში და იყავით მისი გულშემატკივარი თვითგამორკვევის ამ კომპლექსურ პროცესში.

    როგორც წესი, ADHD დიაგნოსტირება ბავშვობის ასაკში ხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზე ჰიპერაქტიურობის ფორმით მიმდინარე ქვეტიპი გვაქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ADHD გოგონებში უფრო ხშირად ყურადღების დეფიციტით გამოვლინდება, ამიტომაც დიაგნოზის დასმა გვიანდება და სიმპტომები თვალშისაცემი მოზარდობის ასაკში ხდება. რადგანაც გარდატეხის ასაკის ცვლილებებმა შეიძლება ADHD-ის ზოგიერთი ნიშანი შენიღბოს, მისი ამოცნობა მშობლისთვის საკმაოდ რთულია. თუ ამჩნევთ, რომ შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება ან გაღიზიანება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება და თქვენს შვილს ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობლად უშლის ხელს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს პროფესიონალური დახმარებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს შვილს ADHD-ის დიაგნოზი უკვე დასმული აქვს, რეგულარულ კონტაქტზე იყავით მის მკურნალ ექიმთან, რადგანაც შესაძლებელია საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობის კორექცია.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    შეიძლება დაგაინტერესოს
    დისლექსია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

    რა არის დისლექსია, როდის შეიძლება გამოვლინდეს და რა იწვევს აღნიშნულ მდგომარეობას

    იხილეთ ვრცლად
    კარავი - ISO 9001:2015 სერტიფიცირებული ნეიროგანვითარების ცენტრი

    კარავი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებულია

    იხილეთ ვრცლად